შიგა წყლები
აფხაზეთის მდინარეთა ქსელი ხშირია. მთავარი მდინარეები კოდორი, ბზიფი, ღალიძგა, გუმისთა მოქვი და სხვები მიეკუთვნებიან შავი ზღვის აუზს. სასაზღვრო მდინარეებია ენგური და ფსოუ. მდინარეებზე ბევრი წყალვარნილი და ჭორომია, ახასიათებთ სწრაფი დინება, შესართავებთან ქმნიან მცირე დელტებს. მთავარი მდინარეები შერეული საზრდოობისაა: ზ. დ. 2000 მ-მდე უმთავრესად წვიმის წყლით, ზემოთ - თოვლისა და ყინულის დნობის წყლით. მიწისქვეშა წყლებით საზრდოობის როლი დიდია კარსტულ ზონაში. დონეების მაქსიმუმი გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისშია, მინიმუმი - ზამთარში. დროგამოშვებით იცის წყალმოვარდნები. შედარებით მუდმივი დომით გამოირჩევიან კარსტული მიწისქვეშა მდინარეები. აფხაზეთში ბევრი ტბაა: რიწა, ადუედა, აძიჟი, დერიკვარაძიში, ყვარაში, პატარა რიწა, ამტყელი, ცისფერი ტბა და სხვა. ისინი მაღალ მთებშია განლაგებული, უმეტესად მყინვარული და კარსტული წარმოშობისაა. ზღვისპირა ვაკე დაბლობზე ლაგუნური (ინკითის, ბებესირის, პაპანწყვილის) და ნამდინარევი ტბებია. ზოგი ტბა დონისა და სარკის ფართობის მკვეთრი ცვლილებადობით ხასიათდება. ტბების ნაწილი მდიდარია იქთიოფაუნით. ზღვისპირა ვაკე-დაბლობზე არის ჭაობები, რომელთა ნაწილი ამოშრობილია ან ამოშრობის პროცესშია. აფხაზეთის მაღალმთიან ნაწილში 376 მყინვარია (ფართობი დაახლოებით 70 კმ²), რომელთაგან მხოლოდ ხუთია პირველი თანრიგის.
Comments
Post a Comment