გეოლოგიური აგებულება და სასარგებლო წიაღისეული

აფხაზეთი მოიცავს კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ნაოჭა სისტემისა და საქართველოს ბელტის დასავლეთ ნაწილების სტრუქტურებს. აქ წარმოდგენილია კამბიულისწინა, პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური ასაკის ქანები. კამბიულისწინ მეტამორფოზული ქანები ტერიტორიულად ჩრდილოეთ ნაწილშია გაშიშვლებული. პალეოზოური ასაკის ქანები - მეტამორფული ფიქლები , გრანიტოიდები, იშვიათად მარმარილო - გაშიშლებულია აგრეთვე ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონზე. ეს ქანები ინტენსიურად დეფორმირებული და დაწყვეტილია. მდინარეების ბზიფისა და კოდორის სათავეები ძირითადად ძლიერ დანაოჭებული ქვედაიურული შავი თიხაფიქლებითა და შუაიურული ვულკანური ქანებითაა აგებული. შუაიურული ასაკისაა აგრეთვე ქალაქ ტყვარჩელის მიდამოები, მდინარეების ფსოუსა და ბზიფის აუზების ქვანახშირის შემცვლელი თიხები და ქვიშაქვები. ზედაიურული ასაკის ქანები უმთავრესად რიფული კირქვებით არის წარმოდგენილი და აფხაზეთის ცენტრალურ ნაწილშია გავრცელებული. აღმოსავლეთით კირქვებს ცვლის თაბაშირიანი ფერადი თიხები და ქვიშაქვები, ხოლო ჩრდილოეთით თიხები, ქვიშაქვები დათხელშრეებრივი კირქვები. აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული ცარცული და პალეოცენურ-ეოცენური ქანები ძირითადად კირქვებით და მერგელებით არის წარმოდგენილი, ხოლო ოლიგოცენური და ნეოგენური ასაკის ნალექები - ქვიშაქვებით, თიხებით და კონგლომერატებით. ეს უკანასკნელი შედგება კავკასიონის ამგებელი ქანების გადანარეცხი მასალებისაგან. აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში ზედაიურული, ცარცული, პალეოგენური და ნეოგენური ასაკის ქანები სუსტად არის დანაოჭებული. აფხაზეთი გეოლოგიურ აგებულებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მეზოზოური ასაკის მაგმურ ქანებს (კარდივაჩის, სანჩარის, ლაბის, კელასურისა და გორაფის გრანიტოიდები და დიორიტები; ზედაიურული ასაკის დიაბაზის შრეძარღვები).
აფხაზეთის წიაღისეულიდან აღსანიშნავია ტყვარჩელისა და ბზიფის ქვანახშირის საბადოები, მდინარე ბზიფის სათავეში ვერცხლისწყლის საბადო. ბევრგანაა ტყვიის, თუთიის, სპილენძისა და სხვა ლითონების მადანგამოვლინებები. არალითონური წიაღისეულიდან გვხვდება ძირითადად ბარიტი (ბზიფის, კოდორის, მოქვისა და ააფსთის ხეობებში) და თაბაშირი, ხოლო საშენი და შესამოსი მასალიდან კირქვა, სააგურე თიხა, სერპენტინიტი, დიაბაზი და დიორიტი. განსაკუთრებით უხვად არის სამკურნალო მინერალური წყლები-ნახშირორჟანგიანი მინერალური წყაროები მდინარეების კოდორის, საკენის, გვანდრის, ჩხალთის ბზიფის, ავადჰარისა და სხვა ხეობებში, ხოლო თერმული სამკურნალო წყლები ტყვარჩელის, სოხუმის, ახალი ათონისა და გაგრის მიდამოებში.

Comments

Popular posts from this blog