მცენარეული საფარი

აფხაზეთში 2000-ზე მეტი სახეობის მცენარეა, მათ შორის 150 სახეობის ხე და ბუჩქოვანი მცენარე. მცენარეულობა მდიდარია ენდემებით და რელიქტებით გავრცელების მხრივ ქმნიან მკაფიოდ გამოხატულ სიმაღლებრივ ზონებს. ზღვისპირა დიუნურ ზოლში იზრდება ფსამოფილური მცენარეულობა: რძიანა, ლურჯი ნარი, ზღვის სალათა, ზღვის შროშანა, ისლი და სხვა. ურო ღრმად მათ ქსერომიფოტული ბუჩქნარები (ძეძვი, კუნელი, ზღმარტლი, მაყვალი) ენაცვლება. ბიჭვინთის კონცხი შემოსილია ქსერომორფული ბუჩქნარებიანი რელიქტური ბიჭვინთის ფიჭვისკორომებით, რომლებიც ნაკლებადაა გამოცხადებული. ტენიან ვაკე-დაბლობებზე და მდინარისპირა ჭალებში ჭარბობს მურყნარი, რომელშიც შერეულია თუთა, იფანი, რელიქტური ლაფანი და სხვა. ჭარბტენიან უბნებში იზრდება ლელი, ჭილი, ისლი, წყლის ბაია, ჭარბობს ზამბახი; აქა იქ გვხვდება ტორფიანი ჭაობებიც. გორაკ-ბორცვიანიმთისწინეთი და მთების ქვედა კალთები (600-700 მ-მდე) მეზოფილურ კოლხურ ტყეებს უჭირავს. მთავარი ჯიშებია მუხა, რცხილა, წავლი, წიფელი, იფანი, ცაცხვი, მურყანი. მდიდარია გარეული ხეხილით (ლეღვი, პანტა, მაჟალო, ხურმა, ზღმარტლი, ტყემალი). ქვეტყეში იზრდება მარადმწვანე (შქერი, წვავი, ბაძგი, ბზა) და ფოთოლმცვივანი (თხილი, იელი, მოცვი) ბუჩქოვანები. ნოტიო ხეობებში გვხვდება რელიქტური უთხოვარი, ხშირია ლეშამბო: ეკალღიჭი, სურო, ღვეტკეცი, უსურვაზი, ზღვისპირა ვაკე-დაბლობებისა და გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთების ბუნებრივი მცენარეულობა მკვეთრად სახეშეცვლილია, უმეტესად გაჩეხილია. ამჟამად ჭარბობს მეორეული დაჯგუფებები და კულტურული ნაკვეთები: ბაღები, ბოსტნები, ჩაისა და ციტრუსოვანთა პლანტაციები. აფხაზეთის ტერიტორიის დაახლოებით 55% ტყით არის შემოსილი. დაბალმთიან ზონაში გავრცელებულია წიფლნარი, მასთან ერთად იზრდება რცხილა, წაბლი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, სოჭი და სხვა. ქვე-ტყეში ხშირია ბზა, თაგვისარა, შქერი, წყავი და მოცვი. საშუალმთიან ზონაში შერეული ტყეებია გაბატონებული. აქ ტიპიურია წიფლნარ-სოჭნარი და წიფლნარ-ნაძვნარი, გვხვდება ნაძვნარ-სოჭნარიც. წიფლნარი ზოგან ტყის ზედა საზღვრამე ადის. მთის ტყეებს ზემოთ სუბალპური ტანბრეცილა ტყეების, ბუჩქნარებისა და მაღალბალახეულობის ზოლი აკრავს. სუბალპური ტყეები ძირითადად შედგება მთის ნეკერჩხლისა და არყის ტანბრეცილა ხეებისაგან. ბუჩქოვანებიდან იზრდება ღვია, მოცვი, დეკა, ასკილი, მაღალბალახეულში ნაირბალახი ჭარბობს. სუბალპური მაღალბალახეულობა ზემოთ თანდათანობით გადადის სუბალპურ მდელოებში, სადაც ფართოდაა გავრცელებული ანგელოზა, დეზურა, ტილჭირი, კატაბალახა, კენკეშა, თივაქასრა და სხვა. მაღალი ქედების თხემები (2200-2800) უჭირავს ალპურ მდელოებს, რომლებიც ქვედა ნაწილში ქმნიან მთლიან საფარს, ზემოთ კი - ცალკეულ „ხალიჩებს“. ძარბობს კობრეზია, ნაღველა, ქვატეხია, წივანა, ბაია, ბუჩქისძირა, აფხაზეთის კირქვიანი ქედების სუბალპური და ალპური მდელოები მდიდარია მცენარეტა ენდემური სახეობებით. მაღალმთის მდელოები წარმოადგენს საზაფხულო საძოვრებს. აფხაზეთი მდიდარია ძვირფასმერქნიანი, სამკურნალო ნაყოფის მომცემი, საკვებად ვარგისი, თაფლოვანი და მთრიმლავი მცენარეებით

Comments

Popular posts from this blog