ჰავა

აფხაზეთში ჰავის ტიპები სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული: ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით (ზ. დ. 300-400 მ-მდე); ნოტიო ჰავა ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით (300-400 მ--დან 1000-1100 მ-მდე); ნოტიო ჰავა ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით (1000-1100 მ-იდან 2000-2100 მ-მდე); მაღალმთის ნოტიო და გრილი ჰავა (2000-2100 მ-იდან 2800-2900 მ-მდე) და მაღალმთის ნივალური ჰავა (2800-2900 მ ზევით). ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ვაკედაბლობზე 13.9-იდან 15 °C-მდე მერყეობს, გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში არის 13-14 °C, ხოლო მთებში, 2600 მ სიმაღლეზე, 0 °C; აფხაზეთის კავკასიონის უფრო მაღალ მთებში -9, -10 °C-მდე ეცემა. ყველაზე თბილი თვის (ივლისი-აგვისტო) საშუალო ტემპერატურა უმაღლეს მტებზე 0 °C-ზე დაბალია, სოხუმში კი 24.5 °C აღწევს. ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურა სანაპიროზე 6 °C არემატება. 500-600 მ-მდე იანვრის საშუალო ტემპერატურა ყველგან 0 მაღალია, ამიტომ იგი სუბტროპიკულ სარტყელს მიეკუთვნება. ზემოთ ტემპერატურა კლებულობს და აფხაზეთის კავკასიონის თხემზე -18, -19 °C-მდე ეცემა. ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურაა 40-იდან 10-15 °C-მდე, აბსოლუტური მინიმალური შესაბამისად -13-დან -35 °C-მდე. მკვეთრია ტემპერატურის რყევა მთათაშუა ქვაბულებში, სადაც აღნიშნება ტემპერატურული ინვერსიები. 500-600 მ სიმაღლეზე აქტიური სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 200 დღემდე გრძელდება, ხოლო 10 °C-ზე მაღალი ტემპერეტურათა ჯამი 3000-3500° აღწევს, რაც სავსებით საკმარისია ბუნებრივი და კულტურული სუბტროპიკული მცენარეებისათვის. აფხაზეთი მდიდარია ატმოსფერული ნალექებით, მაგრამ იგი არათანაბრადაა განაწილებული როგორც ცალკეულ რაიონებს შორის, ისე წლის სეზონების მიხედვით. სანაპირო ზოლში საშუალოდ წლიურად 1310 მმ-იდან 1500-1550 მმ-მდე ნალექი მოდის. მთისწინეთსა და მთებში ნალექების რაოდენობა მატულობს: დურიფში (250 მ) - 1980 მმ, გაგრის ქედზე (1644 მ) - 2280 მმ, ავადჰარარაში (1600 მ) - 2480 მმ; ბზიფისა და კოდორის ქედების სამხრეთ კალთებზე 3000 მმ აღემატება. შედარებით ნაკლები ნალექი მოდის მთათაშორის ქვაბულებში (1500-1800 მმ). ნალექების მაქსიმუმი ზამთარშია მინიმუმი ზაფხულში. ამ მხრივ იგი ხმელთაშუა ზღვის ჰავის ტიპს ემსგავსება, ზამთარში ნალექების მნიშვნელოვანი ნაწილი თოვლის სახით მოდის. თოვლის საფარის სისქე ზღვისპირა ზოლში 10 სმ, მთებში კი 2-4 მ-ზე მეტია.

Comments

Popular posts from this blog